„არა კრემლის დიქტატს” – „დაფიონი” ბიძინა ივანიშვილის განცხადების პასუხად, 15 სექტემბერს პარლამენტთან აქციას აანონსებს

„არა კრემლის დიქტატს" - ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების პასუხად, ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან, პარლამენტთან აქციას აანონსებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „დაფიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი!

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს.

ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება!

ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ!“ - აღნიშნულია „დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.