„გაჯანსაღების ნაცვლად, დარგი მეტად ხდება დამოკიდებული სუბსიდირებაზე - არსებული პრაქტიკა უნდა გადაიხედოს“

„სხვადასხვა სექტორის მიმართ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები დიდი ხანია გრძელდება, სამწუხაროდ, გაჯანსაღების ნაცვლად, დარგი უფრო მეტად ხდება დამოკიდებული მასზე, რაც გრძელვადიან პერიოდში არასახარბიელოა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც ფერმერი აღნიშნავს, სუბსიდირების არსებული პრაქტიკა უნდა გადაიხედოს და გადაიდგას ნაბიჯები, რათა ცვლილება დარგმა უმტკივნეულოდ გადაიტანოს.

„ერთბაშად ვერ მოხდება სუბსიდირების შეწყვეტა, ამას დრო სჭირდება იმიტომ, რომ ფერმერების ქცევა წლებია შეიცვალა და სწრაფი შეწყვეტაც შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს დარგისთვის. თუმცა ალტერნატიული გზებით შესაძლოა, სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს სუბსიდირების აღნიშნული პროგრამის გადახედვა.

როგორც არის ღვინის ნაწილში, მსგავსი ნაბიჯები სხვა მიმართულებითაც შეგვიძლია გადავდგათ - მაგალითად, მარკეტინგსა და პრომოუშენში დახმარება, რათა ქართული ღვინის შესახებ კიდევ უფრო ბევრმა გაიგოს. ასევე მნიშვნელოვანია მცირე მარნებისა და მევენახეების მხარდაჭერა, რათა აგროტურიზმი განავითარონ, ჩამოასხან ღვინო და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაყიდონ. რა თქმა უნდა, ხარისხზე უნდა გაკეთდეს აქცენტი“, - აღნიშნავს ფერმერი.

კოჭლამაზაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში სუბსიდირება დაზიანებული ნაყოფის შემთხვევაში ხორციელდება, ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია მაგალითად, სეტყვისგან დამცავი ბადეების მონტაჟების ნაწილში ფერმერების ფინანსური დახმარება.

„მნიშვნელოვანია ბადეების დაფინანსება. ძალიან მიზერულია სახელმწიფოს დაფინანსება ბადეების შეძენის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტი გააქტიურდეს. ამასთან, უნდა მოხდეს აგროდაზღვევის დახვეწა იმგვარად, რომ ფერმებისთვის მიმზიდველი იყოს, განსაკუთრებით ისეთი ფერმერებისთვის, რომლებიც ბაზარზე არიან ორიენტირებულები,“ - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.

გარდა ამისა, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად და მავნებლებისგან მცენარის დასაცავად, საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დაავადების დროული პრევენცია.

„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას თუ ფეხს სწრაფად ავუწყობთ, გაიზრდება ხარისხი და შემცირდება დანახარჯები. ფერმერები შესაბამისი ტექნოლოგიებით წინასწარ იგებენ შესაძლო დაავადების შესახებ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. აღიარებულია, რომ ასეთ დროს უფრო იაფი უჯდება ფერმერს კულტურის მოყვანა და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების შემცირების კუთხითაც, რაც თვითღირებულებაში აისახება საბოლოოდ. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ღონისძიებებით თვითღირებულება შემცირდეს, ხარისხი გაიზარდოს და მოთხოვნა გაჩნდეს მაგალითად, უფრო ხარისხიან ყურძენზე, რაც საბოლოოდ გაზრდის ფასს,“ - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

როგორც ფერმერი ამბობს, შესაძლებელია, რომ სუბსიდირების გადახედვის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით ზემოთ აღნიშნულ ნაწილში განხორციელდეს ფერმერების დახმარება. მისი თქმით, ეს გრძელვადიან პერიოდში უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სუბსიდირების არსებული პრაქტიკა.

მერი ტაბატაძე