„ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“ - რამდენად რეალურია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის კუთხით თვითკმარი გავხდეთ

„ეს არის მხოლოდ განცხადება, მაგრამ ამის უკან რა ნაბიჯები იგეგმება, ეს უნდა განმარტონ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნავს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის კუთხით თვითკმარი უნდა იყოს და ელექტროენერგიის გენერაცია მოხმარებას უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტიორი უნდა გახდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მიღწევადია აღნიშნული მიზანი და ამასთან დაკავშირებით მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. როგორც ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, არსებული მდგომარეობით, არ ჩანს იმის ნიშნები, რომ მიზანი მიიღწევა. ამასთან, მარგველაშვილი საუბრობს ენერგეტიკის სექტორის პრობლემებზეც.

„ძნელი შესაფასებელია იმიტომ, რომ არ ვიცი რეალურად რას აპირებენ. დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ 4300-მეგავატიანი ელექტროსადგური უნდა ავაშენოთ, თუმცა არაერთხელ გადაიდო და ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ შენდება.

ამასთან, არის ბევრი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც ჩაშვებულია და ვერ ვითარდება. დიდი ხნის პრობლემაა ეს - ჰიდროელექტროსადგურები გადაიცემოდა ისე, რომ კვალიფიციური ინვესტორი არ იყო. მერე ხდებოდა ამ ინვესტორების ძიება, ხან წარმატებით ხან წარუმატებლად, ეს არის გრძელი და სევდიანი ისტორია, რომელიც დიდი ხანია გრძელდება. ეს ჰიდროელექტროსადგურები რომ განვითარდეს, ნამდვილად შეიძლება ამის მიღწევა, მაგრამ ამ ეტაპზე ნიშნებს, რომ 2030 წლისთვის მიზანი მიღწევადია, ვერ ვხედავ.

გაცემულია 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, თუ ნაწილობრივ მაინც აშენდა 2030 წლისთვის, წესით უნდა გაორმაგდეს ჰიდროსადგურების გამომუშავება. არადა რეალურად აქ არის ის პრობლემა, რომ ჰიდროელექტროსადგურები სწრაფად არ ვითარდება. ამიტომ, რას აპირებენ თუ კონკრეტიკას მოაყოლებენ, კარგი იქნება. რით ასაბუთებენ ამას, ახალ პოლიტიკას შეიმუშავებენ თუ ძველი პოლიტიკით აგრძელებენ მუშაობას, აქ უნდა დაისვას შეკითხვა,“ - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 3.558 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა. რაც შეეხება ადგილობრივად გამომუშავებული დენის ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში 48.578 მლნ დოლარის ღირებულების გაიყიდა.

მერი ტაბატაძე