საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი შემოდგომის პირველ ნახევარში რუსების ძირითადი დასასვენებელი მიმართულებების ხუთეულშია. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის საერთაშორისო ტურიზმის განყოფილების ვიცეპრეზიდენტ არტურ მურადიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ის აფხაზეთს, ტრადიციულად, საქართველოსგან დამოუკიდებლად, უცხო ქვეყნების ჩამონათვალში ასახელებს. კერძოდ, აფხაზეთი მეხუთე ადგილზეა და თურქეთს, ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ტაილანდს მოსდევს.
შემოდგომის პირველ ნახევარში უცხოურ ტურებზე რუსების მოთხოვნა ასეთია: (ტურპაკეტების მთლიანი გაყიდვების რაოდენობა):
ამ მიმართულებებს შორის წელს, 2023 წელთან შედარებით, მოცულობის ზრდის ყველაზე მაღალი დინამიკით ტაილანდი და ეგვიპტე გამოირჩევა, რაც, პირველ რიგში, ფრენის პროგრამების გაფართოებით არის განპირობებული.
რაც შეეხება ტურისტული პაკეტების საშუალო ღირებულებას, თურქეთში მიმდინარე შემოდგომაზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 11%-ით, ხოლო ეგვიპტეში 14%-ით გაიზარდა.
კერძოდ, თურქეთში სექტემბერში ორ კაცზე რვადღიანი დასვენება all-inclusive-ით, საშუალოდ, 230 ათასი რუბლი (2,530 დოლარი), ხოლო ეგვიპტეში 208 ათასი რუბლი (2,289 დოლარი) ღირს.
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შვიდდღიანი ტურის ღირებულება 224 ათასი რუბლია (2,466 დოლარი), ხოლო ტაილანდში 11 დღეღამის (საუზმით) გატარება რუსებს 210 ათასი რუბლი (2,312 დოლარი) უჯდებათ.
აფხაზეთში რვადღიანი ტურის ფასი 122 ათასი რუბლს (1,342 დოლარს) შეადგენს.
ასოციაციის მონაცემებით, ზოგადად, უცხოურ ტურებზე მოთხოვნა შემოდგომის პირველ ნახევარში, გასულ წელთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ