პარამეტრები შემცირებულია - რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოსა და სომხეთს

საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური პარამეტრები შემცირებულია. საუბარია ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტიციებზე.

უფრო კონკრეტულად, სომხეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 37%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ქვეყნებმა 461.155 მლნ აშშ დოლარი ივაჭრეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 735.384 მლნ აშშ დოლარი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, შემცირებული როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. წელს საქართველოდან 346.207 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ეს მაშინ, როცა გასულ წელს ექსპორტმა 495.262 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში, სომხეთიდან საქართველომ 114.948 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, შარშან 7 თვეში 240.122 მლნ აშშ დოლარის.

წელს I-II კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა სომხეთიდან ვიზიტორების რაოდენობაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოს 397 116 სომეხი ვიზიტორი ჰყავდა, წელს იგივე პერიოდში - 387 690.

წელს მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან და ასევე, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, შემცირებულია სომხეთიდან ინვესტიციების მოცულობა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 3.481 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, პირველ კვარტალში 6.905 მლნ აშშ დოლარის, ხოლო გასული წლის მეორე კვარტალში 3.887 მლნ აშშ დოლარის.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მათვე ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

ნინი ქეთელაური