„სითი ინსტიტუტი საქართველო“ საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს.
პროექტის კოორდინატორი ოთარ მჭედლიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტზე და აღნიშნავს, რომ ახალი გზა საგურამოსთან გაივლის, რამაც შესაძლოა, საგურამოზე ზეგავლენა გაზარდოს.
„მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის ღერძი, რომელიც საბოლოოდ რუსეთში გადადის, ინფრასტრუქტურულად საკმაოდ სუსტია. ახალი პროექტის მიხედვით, გადმოდის საგურამოს მხარეს და გამოდის, რომ ქმნის ისეთ კორიდორს, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის გამტარუნარიანობას უნდა უზრუნველყოფდეს.
ეს შეამცირებს საგურამოდან თბილისამდე დროს, თუმცა მეეჭვება, რომ გამოიწვიოს მოქალაქეების დიდი რაოდენობის შემოდინება, რადგან საგურამომდე არსებული ხაზი არ არის ისეთი სუსტი, რომ ახალ მარშრუტზე გადმოტანამ ამ კუთხით რამე შეცვალოს. რამდენიმე კვანძი უფრო კარგად მოეწყობა, მობილობის მხრივ სიტუაციას ნაკლებად შეცვლის,“ - აღნიშნავს მჭედლიშვილი.
როგორც მანვე განმარტა, შესაძლოა, ახალმა შემოვლითმა გზამ ლოჯისტიკური აქტივობების გაჩენა გამოიწვიოს.
„მსგავს მაგისტრალებთან, მით უმეტეს, თბილისთან ახლოს შესაძლოა, ტრაილერების პარკის გაკეთება იყოს მოთხოვნილი, ან შესაძლოა, მეტი ეკონომიკური აქტივობა გაჩნდეს. აქ იგულისხმება მაგალითად გადაზიდვები, შემნახველი პუნქტები, სამაცივრე მეურნეობები და ა.შ. თუ ამის მოთხოვნა გაჩნდა, რეგულირება საჭირო იქნება იმიტომ, რომ ყოველი ასეთი ობიექტი კონტრასტში არის სააგარაკე განვითარებასთან. სააგარაკე ტერიტორიას სჭირდება სიმშვიდე, ბუნებასთან მაქსიმალური კავშირი, სუფთა გარემო და ეს ყველაფერი ჩარევა იქნება. ეს განვიხილეთ უკვე, სხვადასხვა სცენარი გვაქვს გამოკვეთილი ხედვის ეტაპზე,“ - აღნიშნავს ოთარ მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ამ ეტაპზე აღნიშნული ტერიტორიების სივრცითდაგეგმარების კონცეფციაზე მუშაობს, რისი დასრულებისა და დადასტურების შემდეგაც საბოლოო ეტაპზე გადავა.
იხილეთ ასევე: თბილისს ახალი შემოვლითი გზა ექნება - „პროექტირება მიმდინარეობს“