„მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, კომპანიებისთვის, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, 1 თვეში 15-20 ათას ლარზეც ასულა ჯარიმა“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
საუბარია, სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოწერილ პარკინგის ჯარიმებზე. როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, გასაჩერებელი ადგილების არარსებობიდან გამომდინარე, ობიექტების დიდი ნაწილისთვის ფიზიკურად შეუძლებელია პროდუქციის მიწოდება ისე, რომ ჯარიმა არ დაიწეროს. შესაბამისად, თუ კომპანიას ჰყავს 60-70 მანქანა, თვის ჭრილში 10%-მა რომ აიღოს ჯარიმა, უკვე საკმაოდ დიდ თანხაზე ადის.
„სამწუხაროდ, პარკირებასთან დაკავშირებით სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოწერილი ჯარიმები საკმაოდ გაზრდილია. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, კომპანიებისთვის, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, 1 თვეში 15-20 ათას ლარზეც ასულა ჯარიმა. როდესაც კომპანიას ჰყავს რამდენიმე ათეული სატრანსპორტო საშუალება (აქ არ არის საუბარი, რომ ვინმემ რაიმე ფორმით უნდა წაახალისოს სამართალდარღვევა და არც არავის ინტერესში არ შედის), ფიზიკურად შეუძლებელია პროდუქციის მიწოდება ობიექტების საკმაოდ დიდ ნაწილზე ისე, რომ ჯარიმა არ წამოიღოს. შესაბამისად, თუ კომპანიას ჰყავს 60-70 მანქანა, თვის ჭრილში 10%-მა რომ აიღოს ჯარიმა, უკვე საკმაოდ დიდ თანხას ვიღებთ.
რაც შეეხება იმ კრიტიკულ 500 საპარკინგე ადგილს, რომელიც გაჟღერდა თვითონ დედაქალაქის მერიის მხრიდან, მისი გამოყოფა ვერ მოხერხდა. მხოლოდ 120 ადგილია გამოყოფილი სადისტრიბუციო მანქანებისთვის.
ერთი დადებითი, რაც მერიისგან გვაქვს, არის ის, რომ ყველა ქუჩაზე სადაც რეაბილიტაცია ხდება ან დაგეგმილია, გაითვალისწინებენ შესაბამის საპარკინგე სივრცეებს ამ მანქანებისთვის. თუმცა, ეს ფიზიკურად არ არის საკმარისი, რომ სრულფასოვნად მოახდინოს კომპანიამ ავტომობილების გაჩერება“,- ამბობს ლაშა რიჟამაძე.
მისი თქმით, ჯარიმებიდან მიღებული დამატებითი ხარჯი, პროდუქციის ფასში უკვე ასახულია.
რაც შეეხება გამოსავალს, ლაშა რიჟამაძე ევროპის გამოცილებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, ამბობს, რომ ამ მიმართულებით, მერიის მხრიდან საკითხის დადებითაც გადაწყვეტის მოლოდინი არ აქვს.
„ეს ხარჯი უკვე ასახულია ფასში. იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მისი გათვალისწინების გარეშე პროდუქციის ფასის ფორმულირება. ესეც ისეთივე ხარჯია, როგორიც ნებისმიერი ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხი.
რაც შეეხება გამოსავალს, საზღვარგარეთ, იმ პრაქტიკის მიხედვით, რომელზეც ჩვენ მივუთითებთ (იტალია, საფრანგეთი), იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება სასურსათო ჯაჭვის სრულფასოვნად მიწოდებას, სადისტრიბუციო მანქანა უბრალოდ შესაბამის ნიშანს დებს, რომ დისტანცირება მოახდინონ სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა და ჩვეულებრივ ახორციელებს თავის საქმიანობას. რა თქმა უნდა, თუ მოძრაობას არ კეტავს. მათთვის გაჩერება ნებადართულია.
გარდა ამისა, ჩვენ შევთავაზეთ მერიას, რომ მომხდარიყო იმ სადისტრიბუციო მანქანების აღრიცხვა, რომლებიც ახორციელებენ სასურსათო პროდუქტებით მომარაგებას, დაემაგრებინათ შესაბამისი ჰოლოგრამა ან ნიშანი, სპეცაღრიცხვის კუთხით ყოფილიყო განსხვავებული მიდგომა, რომ მათთვის ჯარიმები არ დაწერილიყო, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლა არ გვაქვს და რაც მოლოდინი გვაქვს, რომ დადებითად გადაიჭრება“,- ამბობს ლაშა რიჟამაძე.