ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორამციაშია აღნიშნული.
პროექტის დასრულების შემდეგ კი, თბილისიდან ყაზბეგამდე მგზავრობას 1.20 სთ დასჭირდება.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას მოიცავს, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაციას.
სამინისტროს განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
„მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარებს საინჟინრო ქსელების, ელექტრო მომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები. ასევე, კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც სქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლის ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
უწყების განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს გვირაბებში საინჟინრო კომუნიკაციების, შეტყობინების, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების მოწყობის სამუშაოები.
"ასევე, დასრულებულია 1500 მ-ის და 500 მ-ის სიგრძის ორი გვირაბის გაჭრისა და მოსახვის სამუშაოები. ინტენსიურად მიმდინარეობს დანარჩენი 2 გვირაბის გაჭრისა და ხუთივე ხიდის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ყველაზე გრძელ - 435 მ-იან ხიდზე მალის ნაშენის მოწყობა, დანარჩენებზე - ბურჯებისა და ხიმინჯების მშენებლობა გრძელდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება.
პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება",- აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში.