Fed-ის სხდომის მოლოდინში - ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა

ოქროს ფასი ორშაბათს ისევ გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც დოლარის შესუსტებამ და აშშ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის აგრესიული შემსუბუქების პერსპექტივამ განაპირობა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისას ოქროს რეკორდული ფასი უნციაზე 2,589.59 დოლარს, ხოლო დღის 2 საათისთვის კვლავ 0,34%-ით მეტს, 2,585.37 დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე კვირას ყურადღების ცენტრში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) სხდომაა. ტრეიდერები Fed-ის მიერ განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით, ანუ 59%-ით შემცირების ალბათობას უშვებენ. მათი პროგნოზით, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემცირება სულ უფრო ახლოვდება, რასაც შემდგომი შემცირებებიც მოყვება, ეს კი ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევს.

ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მოელიან, რომ “ოქროს ფასი მოკლევადიან პერიოდში 2,700 დოლარამდე მოიმატებს, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის 2,900 დოლარს მიაღწევს.”

ცნობისთვის: ორშაბათის ვაჭრობის დაწყებისას პალადიუმის ფასი უნციაზე 0,29%-ით, 1,071.53 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ვერცხლი უნციაზე 0.95%-ით 30.95 დოლარამდე გაძვირდა, რითიც ორი თვის მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება პლატინას, მისი ფასი, პირიქით, 0,55%-ით, 989,8 დოლარამდე დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ