„კადრები ძალიან ჭირს, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ხელფასები“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა განაცხადა.
როგორც ბიძინაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ინდუსტრიაში 45-50 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ხელფასებს, 1000-დან 1200 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„კადრები ძალიან ჭირს, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ხელფასები. ამჟამად 1000-1200 ლარზე ავიდა. შესაძლოა მოვიდეს სამუშაოდ პირი, მაგრამ კვალიფიკაცია აკლია. ასწავლი, დააყენებ გზაზე და მერე უკეთეს პირობებს ეძებენ. 2023 წლის მონაცემებით, საწარმოებში 45-50 ათასამდე დასაქმებულია. წელს ჯერ არ გაგვიკეთებია კვლევა. სხვა რაიმე პრობლემა არ გვაქვს, კანონმდებლობას უნდა მიჰყვე და რაც უფრო მყარად იქნები მიმდინარე შემოსავლებით და ხარჯებთან, უფრო მყარი იქნება წარმოება,“ - განაცხადა დავით ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ექსპორტი ბოლო წლებში მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული ტექსტილის მასალების და ნაწარმის ექსპორტმა 117 558 150 დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველოდან 109 400 470 დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ტოპ-10 ქვეყანა, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული წარმოების ტანსაცმელი გავიდა, არის: თურქეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუსეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი და ისრაელი.