Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსულ სახელმწიფო მედია ქსელებს აკრძალავს და გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის საქმიანობა“ დაასახელა.
„ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებული სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო“, - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში.
კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში.
RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.