აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა. მას ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 ივნისს აქვს შევსებული.
დოკუმენტის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ მიღებული, ხოლო ერთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს 3000 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 2005 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება ხარაზიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასოზე ფლობდა 5 443 ლარს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი არის შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით, 2023 წელს 111 363 ლარი აქვს აღებული.
იხილეთ ამავე თემაზე: რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ს ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე