არაბიკას ფასი 13-წლიან მაქსიმუმზეა

მსოფლიო ბირჟებზე ყავა ისევ ძვირდება, არაბიკას ფასმა კი 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, დეკემბრის არაბიკას ფიუჩერსები ძირითად ბირჟაზე ფუნტზე 2,68 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წლის დასაწყისიდან არაბიკას მარცვლები უკვე 40%-ით გაძვირდა.

კვირაზე მეტია, ასევე, რობუსტას ფასებიც მატულობს, რაც 16 სექტემბერს 3%-ით გაიზარდა.

ყავაზე ფასების ზრდას ბრაზილიაში ცუდი მოსავლის შიში აჩქარებს, რომელიც მსოფლიოში ყავის მარცვლების უმსხვილეს მიმწოდებელია. ქვეყანა 2024-2025 სეზონური წლის მოსავლის აღებას ასრულებს და უკვე აშკარაა, რომ გვალვის ხანგრძლივმა პერიოდმა პლანტაციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

როგორც წესი, ყავა მაშინ ძვირდება, როცა მარაგი იკლებს და ბრაზილიაში ამინდი უარესდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ