შესაძლოა, ჩვენი საკრედიტო რეიტინგები გაუარესდეს და ფული გაგვიძვირდეს - ზურაბ ლალაზაშვილი სანქციებზე

„თუ შეფასდა ქვეყანა მაღალრისკიანად, ეს გამოიწვევს იმას, რომ მათ შორის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგები შესაძლოა, გაუარესდეს. აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდეს ფული, რომელსაც კერძო სექტორი, თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში, “- ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახდეპის ცნობით, მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

„თუ გაიზარდა ეს სანქციების თემა, ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკება ევროკავშირთან, ეს რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ ქვეყანა უფრო მაღალრისკიანად შეიძლება შეფასდეს. თუ შეფასდა ქვეყანა მაღალრისკიანად, ეს გამოიწვევს იმას, რომ მათ შორის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგები შესაძლოა, გაუარესდეს. აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდეს ის ფული, რომელსაც კერძო სექტორი, თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში. ჩემი შეფასებით, თუ ეს მოხდება, მოხდება 2025 და შემდგომ წლებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებ ჩვენთვის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გახსნის საკითხი,“ - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულის განცხადება BDO-ს მმართველმა პარტნიორმა კონფერენციაზე სახელწოდებით - „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ გააკეთა.

ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

კონფერენციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი იყო.

ნინი ქეთელაური