წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთი ბედი ჯერ კიდევ ბავშვობაში განსაზღვრეს. მაგალითად, კომპანია "მაიკროსოფტის" შემქმნელი ბილ გეითსი თინეიჯერობის ასაკში კოდების გაშიფვრას სწავლობდა. ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი უორენ ბაფეტი კი რამდენიმე საქმიანობით იყო დაკავებული, რის შედეგადაც მას 16 წლის ასაკში უკვე 53 000 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. ვნახოთ დეტალურად თუ რას აკეთებდნენ ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები მოზარდობის ასაკში.
ბილ გეითსს სიგიჟემდე უყვარდა კომპიუტერები
"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი სიეტლში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან, რომ უყვარდა კომპიუტერები და კოდების გაშიფვრა. გეითსი და პოლ ალენი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით მან "მაიკროსოფთი" შექმნა, სწორედ სკოლაში სწავლის პერიოდში დამეგობრდნენ. როდესაც გეითსი 15 წლის იყო, მათ შექმნეს Traf-O-Data, რომელიც ქუჩაში მოძრაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მას ინჟინრებს აწვდიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ, ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირცხა, თუმცა, 1975 წელს მიატოვა სწავლა იმისათვის, რომ მთელი თავისი დრო "მაიკროსოფტის" შექმნისთვის დაეთმო. როგორც აღმოჩნდა, ღირდა რისკი, ვინაიდან "მაიკროსოფტის" შედეგად, გეითსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.
უორენ ბაფეტს შემოსავლის რამდენიმე წყარო ჰქონდა.
Berkshire Hathaway-ის მილიარდერმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქონების დაგროვება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი საქმიანობა გამოცემა The Washington Post-ის ნომრების დარიგება იყო. ის ასევე ყიდდა გოლფის სათამაშო ბურთებს, მარკებს და აკეთებდა "პინბოლის" სათამაშო მოწყობილობებს.
ოპრა უინფრი რადიოსადგურში მუშაობდა.
უინფრი მისისიპიში დაიბადა, თუმცა, 14 წლის ასაკში ტენესში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ ამან განაპირობა მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. იგი ნეშვილის კოლეჯში სწავლობდა, სადაც ყველაზე პოპულარულ მოსწავლედ იქცა. ოპრა უინფრი ჟურნალისტიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ამიტომაც ის კოლეჯის მეტყველების ჯგუფში შევიდა. მან პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. იგი ნეშვილის ადგილობრივ რადიოში მუშაობდა. 19 წლის ასაკში კი, როდესაც ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, მას ადგილობრივი ტელეარხიდან დაურეკეს და სამუშაო შესთავაზეს. შედეგად მან კოლეჯი მიატოვა და ჟურნალისტის კარიერის შექმნას შეუდგა. რისკმა ოპრა უინფრის შემთხვევაშიც გაამართლა.
მარკ ცუკერბერგი თინეიჯერობის ასაკიდანვე წერდა კომპიუტერულ პროგრამებს.
კომპიუტერული კოდები ცუკერბერგის ჰობი იყო ბავშვობაშივე. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ავტორმა შეტყობინებების გაგზავნის პროგრამა 12 წლის ასაკში თავისი მამის სტომატოლოგიურ კაბინეტში შექმნა. როდესაც ცუკერბერგი ნიუ-ჰემფშირის ერთ-ერთ აკადემიაში სწავლობდა, მან მუსიკის მოსასმენი პროგრამაც შექმნა, რომლითაც "მაიკროსოფთიც" დაინტერესდა. ჰარვარდში სწავლის დროს კი ცუკერბერგმა მთელი თავისი დრო "ფეისბუქის" შექმნას მიუძღვნა. საერთო საცხოვრებელში შექმნილი სოციალური ქსელი დღეს ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.
მარკ კუბანმა ბიზნესი ნაგვის პარკების გაყიდვით დაიწყო.
ამერიკელმა მილიარდერმა და ინვესტორმა თავისი კარიერის შენება ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაიწყო. ის თავდაპირველად კარდაკარ დადიოდა და ნაგვის პარკებს ყიდდა. თითოეულ გაყიდულ პარკში მას 3 დოლარი რჩებოდა. ნაგვის პარკები მხოლოდ დასაწყისი იყო. დამატებითი თანხისთვის, იგი მარკებს და მონეტებსაც ყიდდა სკოლაში. ინდიანას უნივერსიტეტში სწავლის დროს, იგი ცდილობდა სხვადასხვა გზით მოეპოვებინა საჭირო თანხა და ქირის და სწავლის ფული გადაეხადა. დღეს კუბანი დალასის კალათბურთის გუნდის "დალას მავერიქსის" მფლობელი და ამერიკული სატელევიზიო სერიალის შჰარკ თანკ-ის შემქმნელია.
ჯეფ ბეზოსი თინეიჯერობის პერიოდში ზაფხულობით ტეხასში ხარების დაკოდვით იყო დაკავებული.
"ამაზონის" დაფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 4-დან 16 წლამდე ზაფხულობით დროს ტეხასში ბებია-ბაბუის რანჩოზე ატარებდა და მათ ცხოველების მოვლაში, მათ შორის ხარების დაკოდვაში ეხმარებოდა. პრინსტონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი იგი უოლ-სტრიტზე მუშაობდა, 1994 წელს მან კომპანია "ამაზონი" დააარსა, რომლის პირველი მისამართი - საკუთარი ავტოფარეხი იყო.
რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი ბიზნესი 17 წლის ასაკში წამოიწყო.
ინგლისელმა ბიზნეს-მაგნატმა 1968 წელს, 17 წლის ასაკში ახალგაზრდული, კულტურული ჟურნალი "სტუდენტი" შექმნა. მან პირველივე გამოცემაში რეკლამით 8 000 დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ორი წლის შემდეგ იგი გამოცემებს ფოსტით ყიდდა. ბრენსონის ბიზნესი ნელ-ნელა განვითარდა და მოგვიანებით მან ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდია "ვირჯინ რეკორდსი" შექმნა.
ფილ ნაითი სტუდენტობის დროს სპორტს მისდევდა.
"ნაიკის" დამფუნებელი, ფილ ნაითი კლივლენდის კოლეჯში სწავლობდა. იგი მორბენალი იყო. 1950-იან წლებში ნაითმა უკმაყოფილება გამოთქვა სირბილის დროს მოუხერხებელი სპორტული ფეხსაცმელების გამო. სწორედ აქ დაიბადა იდეა, შექმნილიყო "ნაიკი", რომელიც დღეს სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.