მიმდინარე წელს საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით არის გაზრდილი

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.

„ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს:

  • 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის ემილი სალადინო (Emily Saladino) ეწვევა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
  • სექტემბერის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.
  • 23 სექტემბერიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.
  • 26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომაგენლებისთვის გაიმართება.
  • ოქტომბრისა და ნოემრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა „New York Times“ დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.
ნათია ზარიძე