საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის ყოველწლიური მიმოხილვის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიეღო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსეი მოჟინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„იმ დღეს, როდესაც ფონდის მისიას უნდა დაეწყო მუშაობა, სსფ-ის წესდების მე-4 მუხლზე კონსულტაციების ფარგლებში, ფონდის ხელმძღვანელობამ შეატყობინა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდებოდა. გადადების მიზეზად კონსულტაციებისთვის მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა დასახელდა “, - აღნიშნა ალექსეი მოჟინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განახლება მიუღებელია და ასეთი კონსულტაციები დაუშვებელია.