„ბრენდული მაღაზიების შემოსავლები 16.5%-ით გაიზარდა და 6 მლრდ-ს მიაღწია - ინფლაცია შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია“

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბრენდული მაღაზიების შემოსავლებმა 5.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი წლიურად 16.5%-ით არის გაზრდილი.

„ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას განაპირობებს: ინფლაცია, მოთხოვნის ზრდა და გეოგრაფიული ექსპანსია. ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი ახალი მაღაზიების გახსნას ჰქონდა 2018-2023 წლებში,“ - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება ბაზარზე წილს, კვლევის თანახმად, ბრენდული ქსელების წილი 22%-დან 39%-მდე გაიზარდა 2018-2023 წლებში.

„ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-2028 წლებში, რაც საბაზრო წილის 56%-მდე ზრდას გამოიწვევს. ბაზრის არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წლამდე თბილისში დამატებით 1 100, ხოლო რეგიონებში 1 800 მაღაზიის გახსნაა შესაძლებელი,“ - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

თაია არდოტელი