18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ - მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოკითხავს.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.