„აშშ-ის ხაზინის მიერ დასანქცირებულ 4 მოქალაქეს უკვე ექნებათ შეზღუდული საგარეო ტრანზაქციები, დღევანდელი მონაცემებით, ყველა ანგარიში უნდა იყოს გაყინული“ - რომან გოცირიძე

აშშ-ს სანქციები უნიკალურია, რადგან ორმაგი სანქცია ვიხილეთ, ერთი ფინანსური და მეორე - „მაგნიტსკის სია“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ „მაგნიტსკის სიიდან“ ვინმე "ამოეწერათ“, ამიტომ საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც ამერიკის ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა, მთელი ცხოვრება სანქციას ვერ ჩამოიცილებს.

„სამი ტიპის სანქცია იქნა გამოყენებული. პირველი სანქცია იყო მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვა. მეორე ეტაპზე, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ამ კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისადმი და მესამე ეტაპი, ასევე, სავიზო სანქციები, სადაც საუბარია 60 პირზე. ამ სანქციას აწესებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ანუ ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მეორე ტიპის სანქცია იყო ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, რომელიც ღია აგენტობაში იყო დადანაშაულებული. ეს იყო პერსონალური სანქცია, რომელიც შეიცავს ფინანსურ შეზღუდვებს. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მას აქვს ანგარიშები, გაეყინება და წვდომა შეეზღუდება. ამავე დროს, მისი წილობრივი საწარმოები, სადაც 50%-ზე მეტი წილი აქვს, საქართველოში იქნება თუ სხვაგან, ვერ განახორციელებს ტრანზაქციებს საქართველოს საბანკო სისტემიდან აშშ-სა და დასავლეთში. აქ ერთი ნიუანსია, ამ ტიპის სანქცია დააწესა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ახლა გვაქვს უნიკალური შემთხვევასთან საქმე, რადგან ახლა სანქცია დააწესა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა, ანუ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ. ეს სანქციები უნიკალურია, იმიტომ , რომ ამ სანქციით დასანქცირებული არიან 2500 რუსი ბიზნესმენი და 500- მდე რუსი პოლიტიკოსი, ჟურნალისტები, მომღერლები, მაგრამ საოცრება ის არის, რომ დასანქცირბული რუსეთის მოქალაქეები „მაგნიტსკის სიაში“ არ ყოფილან. ანუ გარდა იმისა, რომ ეს 4 პირი ფინანსურად არიან დასანქცირებულები, შევიდნენ გლობალური „მაგნიტსკის სიაში“. ამიტომ, ორმაგი სანქცია ვიხილეთ, ერთი ფინანსური და მეორე „მაგნიტსკის სია“. ეს 4 ქართველი მთელი თავისი ცხოვრება ვერ ჩამოიცილებს ამ საქნციას და დამღას, რომლითაც „მაგნიტსკის სიის“ გლობალური აქტით გათვალისწინებულ „შავ სიაში“ მოხვდა. ისტორიაში არასდროს ყოფილა, „მაგნიტსკის სიიდან“ ვინმე ამოეწერათ“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუკი სანქციები არ აღსრულდება, ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს. ამასთან , გოცირიძემ განმარტა თუ რაში გამოიხატება ფინანსური სანქციები.

„დასანქცირებული 4 მოქალაქე, უცხოეთში ვერანაირ ტრანზაქციას ვერ განახორციელებენ. მათ ბანკების მხრიდან უკვე ექნებათ შეზღუდული საგარეო ტრანზაქციების ოპერაციები. ეს ადამიანები, ამავე დროს ბიზნესში ყოფილან. სანქციაში წერია, რომ დასანქცირებული პირის 50%-ის ან მეტი წილის მფლობელი კომპანია, როგორც პირადად, ასევე დაკავშირებული პირის მეშვეობით უნდა მოექცეს სანქციების ქვეშ. მორგოშია „ალტ-ინფოს“ ფლობს საკუთარი მამიდის მეშვეობით. დღევანდელი მონაცემებით, „ალტ-ინფოს“ ყველა ანგარიში უნდა იყოს გაყინული. მას მოუწევს საკუთარი წილის გაყიდვა, გადაფორმებით ვერ გადააფორმებს. სამწუხაროდ, გვერდის ავლის საშუალებები არსებობს, მაგალითად, თუ თავის წილს შეამცირებს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღესვე უნდა ამოიღოს მაუწყებლობის ბადიდან ალტ-ინფო.

რომ შევაჯამოთ, კობახიძის ინიციატივით ნათია თურნავას მიერ მიღებული დადგენილება ნაგავში გადასაგდები აღმოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ სანქციას არ ავამოქმედებთ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ ბანკი არის ქვეყნის სახე . ეს ბანკები არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ჩვენი ბიზნესის პოზიტიურ სახედ. ორივე ბანკის 80%-იანი წილის მესაკუთრეები არიან უცხოური ბანკები . ახლა ისინი ლონდონში სხედან და ამბობენ, რომ კობახიძემ თქვა, რომ სანამ მურუსიძის სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას არ აღვასრულებთ. ხვალვე დაეცემა ამ ბანკების აქციები“,- განაცხადა გოცირიძემ.