„საფუძვლიანი მოლოდინია იმისა, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაზე არ გაჩერდება“ - ვიქტორ ყიფიანი

„როდესაც საუბარია საპასუხო რეაქციაზე, ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვები თავმოყვარეობა და ღირსება. თავმოყვარეობა და ღირსება ის კი არ არის, რამდენად მტკიცედ და მოღუშული წარბებით ესაუბრები მეორე მხარეს, არამედ თავმოყვარეობა და ღირსება ვლინდება მათ შორის შენი პოლიტიკური სისტემის გამართულობაში“,- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მხრიდან მომდევნო ნაბიჯების შემთხვევაში საქართველო პარტნიორთან ურთიერთობის პოზიციებს გადახედავს.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არ აქვს ის ღირებულებები და პრინციპები დანერგილი, რომელიც დასავლეთს უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს სანქციების ენით ესაუბროს.

„დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფია არ არის. დასავლეთი არის გარკვეულ პრინციპთა მატრიცა. ეს არის სამართლის უზენაესობა, ინსტიტუციური ქმედუნარიანობა, ანგარიშვალდებულება, ღიაობა. ჩვენ როდესაც ასეთი პრინციპები გვექნება რეალურად დანერგილი, შემდეგ თავმოყვარედ, ღირსებით და შეიძლება მუშტის დაკვრითაც შეგვიძლია ვესაუბროთ სხვებს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მისი განმარტებით, საფუძვლიანია იმის მოლოდინი, რომ აშშ სანქციების შესახებ უკვე არსებული გადაწყვეტილებებით არ შემოიარგლება და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობის პრობლემა მეტად გაღრმავდება.

„მექმნება მყარი წარმოდგენა და არა მარტო მე, რომ ორივეს, პირობითად დასავლეთს და „ქართულ ოცნებას“ იმდენად მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ამ დაპირისპირებაში შევლენ და პასუხს არ დააყოვნებენ ამა თუ იმ რეაქციაზე, სრულიად საფუძვლიანი მოლოდინია იმისა, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაზე არ გაჩერდება და ამას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც.

შესაძლოა სანქცირებულ პირთა სია გაფართოვდეს და ეს შეიძლება იყოს არა მარტო ვიზასთან დაკავშირებით, არამედ ფინანსური სანქციები. მე მგონია, რომ ელჩის დღევანდელი განცხადება და არა მარტო დღევანდელი და სხვა განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, უკვე ამ დამოკიდებულებას ამოუცნობს არ ხდის. საუბარი არ არის მხოლოდ არც ბატონ კობახიძეზე და არც „ქართულ ოცნებაზე“ და რომელიმე კანონზე, საუბარია იმაზე, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ინვესტრირება როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად და მორალურად ამ ქვეყანაში და რეგიონალური განშტოებით, იყო იმდენად საგრძნობი, რომ ამის შემობრუნება და ამ ფანჯრის ასე მარტივად დახურვა არ მოხდება“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ნათია ზარიძე