2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურეი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 4.173 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 2.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10.526 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 3.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარაგვისტოში, 6.353 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.
„2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (745.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 761.8 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 186.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 167.3 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 085.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 636.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 278.8 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.478 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 196.6 მლნ. აშშ დოლარით (4.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.978 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 880.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 416.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი),“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.