„რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების მიხედვით შესაძლებელი არის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ამ ინფორმაციამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ყიფიანი განმარტავს, ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე ორიოდე ევროპული ქვეყნის დიპლომატმა პირად საუბრებში დაადასტურა, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ნამდვილად დგას აღნიშნული საკითხი.
„არახალია იმის თქმა, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების ამოქმედება არის გაცილებით უფრო რთული მექანიზმი, უფრო კომპლექსური ბიუროკრატია. აშშ ამ მხრივ გაცილებით უფრო ხელ-ფეხგახსნილია თავის გადაწყვეტილებებში. რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების მიხედვით შესაძლებელი არის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ამ ინფორმაციამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა გეტყვით, რომ რამდენიმე კვირით ადრე ორიოდე ევროპული ქვეყნის დიპლომატმა პირად საუბარში დაადასტურა, რომ ასეთი კონსულტაციები და მზაობა არის. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ისე ვერ შედგება, როგორც უნდა შედგეს.
მაგრამ მოდით ახლა ამას ნუღარ გავშიფრავთ, იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს თავისი გარკვეული პოლიტიკური პრეფერენციები, თუმცა ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში, თუ ეს გამარჯვება კითხვას არ გამოიწვევს, ცხადია არ იქნება საფუძველი უვიზო რეჟიმის გაუქმებისა. თუმცა ეს საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არის კონკრეტული საკითხი, რომელიც განიხილება, დღის წესრიგშია და წინარე განწყობა უკვე არსებობს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“.
აღნიშნულის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ არაფერი სმენია საქართველოს მიმართ ევროკავშირის ახალი ზომების, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ.