რა ეღირება თბილისიდან ლონდონის, ჟენევისა და მილანის ავიარეისებზე ბილეთები

2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet შემოდის. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით - ლონდონში, ჟენევასა და მილანში იფრენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როდის შესრულდება პირდაპირი ფრენები და რა ეღირება თითოეული მიმართულებით ავიაბილეთები.

კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, თბილისი-ჟენევას მიმართულებით პირველი ფრენა 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. თბილისიდან ბილეთის ღირებულება პირველ დღეს 37 ევრო იქნება. აპრილში ფასები განსხვავებულია და მაქსიმალური ღირებულება 165 ევროს შეადგენს.

რაც შეეხება მეორე გზას, ჟენევიდან თბილისში პირველი ფრენა ასევე 31 მარტს შესრულდება, ბილეთის ღირებულება ამ დღეს 46.45 ევრო იქნება. ფასი აპრილის თვეში სხვადასხვა დღეს განსხვავებულია, მაქსიმალური ღირებულება კი 173.95 ევრო იქნება.

თბილისიდან ლონდონის მიმართულებით პირველი ფრენა 1-ელ აპრილს შესრულდება. ბილეთის ფასი 45.99 ევრო იქნება. აპრილში მაქსიმალური ღირებულება 141.99 ევროს მიაღწევს.

ლონდონიდან საქართველოს დედაქალაქში პირველი ფრენის ღირებულება 1-ელ აპრილს 114.99 ევრო ეღირება, აღნიშნულ თვეში მაქსიმალური ღირებულება 150.99 ევროს მიაღწევს.

რაც შეეხება თბილისი-მილანს, ამ მიმართულებით პირველი რეისი 1-ელ აპრილს შესრულდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთის ფასი აღნიშნულ დღეს აპრილში ყველაზე ძვირი იქნება და 49.49 ევროს გაუტოლდება. აპრილში ბილეთის მინიმალური ღირებულება 41.49 ევრო დაფიქსირდება.

მილანი-თბილისის მიმართულებით 25.99 ევრო ეღირება პირველი ფრენით სარგებლობა, რომელიც 1-ელ აპრილს შესრულდება. აპრილში ავიაბილეთის მაქსიმალური ღირებულება 50.49 ევროს მიაღწევს.

ცნობისთვის, ჟენევის, ლონდონისა და მილანის აეროპორტებიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.

იხილეთ ასევე:

EasyJet თბილისიდან ლონდონის, ჟენევის და მილანის მიმართულებით იფრენს

რა ეღირება თბილისი-ლონდონი-თბილისის ავიარეისზე ბილეთები

მერი ტაბატაძე