ბუდაპეშტის მოსახლეობამ მთავარ ტურისტულ ზონაში მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვას დაუჭირა მხარი

უნგრეთის დედაქალაქის მთავარი ტურისტული ზონის, ბუდაპეშტის მეექვსე ოლქის მცხოვრებლებმა რეფერენდუმზე მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვას დაუჭირეს მხარი.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ადგილობრივი დონის რეფერენდუმზე გატანილი იყო საკითხი მეექვსე ოლქში პოპულარულ სერვის Airbnb-ის მეშვეობით 2026 წლიდან მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვის შესახებ, რასაც ხმების მცირე უპირატესობით ამომრჩეველთა 54% მიემხრო.

აქტივობამ 20,52% შეადგინა, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სხვა ადგილობრივ ინიციატივებზე დაფიქსირებულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება.

“ხმების უმრავლესობა მეტყველებს იმაზე, რომ ოლქის მცხოვრებლები დაკარგულ შემოსავალზე მეტად თავიანთ სახლებში სიმშვიდეს უფრო აფასებენ,” - წერია რაიონული საბჭოს განცხადებაში.

თავის მხრივ, აკრძალვის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი იმოქმედებს არა მხოლოდ ბინების მფლობელების, არამედ ახლომდებარე კაფეებისა და რესტორნების შემოსავალზე, რომლებიც, ძირითადად, უცხოელ ტურისტებს ემსახურებიან.

Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელს ბუდაპეშტი ცენტრალურ ევროპაში მოკლევადიანი დაჯავშნების ყველაზე პოპულარული ადგილი იყო, სადაც განსახლების 6,7 მლნ ღამე დაიჯავშნა. ამით უნგრეთის დედაქალაქმა ვენას, პრაღას, ვარშავას, კრაკოვსა და სხვა ქალაქებს გაუსწრო. მთლიანობაში, ევროკავშირში 2023 წელს ონლაინ-პლატფორმების, Airbnb-ის, Booking-ის, Expedia Group-ისა და Tripadvisor-ის საშუალებით განსახლების, თითქმის, 719 მლნ ღამე იქნა დაჯავშნილი, ხოლო ევროკავშირის დედაქალაქებიდან 19 მილიონზე მეტი დაჯავშნით პარიზი ლიდერობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ