„ქართული ღვინის ფესტივალის“ შეთავაზებები მცირე მარნებსა და მსხვილ საწარმოებს - მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება

12 ოქტომბერს, თბილისში, სიონის ქუჩაზე რიგით მე-6 „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები.

„ქართული ღვინის ფესტივალის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და ადგილზე შეიძინონ ღვინო და სხვა ტრადიციული ქართული ნაწარმი, დატკბნენ ქართული ჰანგებით და მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში. ბიზნესი კი თავის მხრივ შეძლებს, მომხმარებელთა ფართო წრეებს წარუდგინოს თავისი პროდუქცია, რაც მის გაყიდვებზე დადებითაც აისახება.

2-1726742146.jpg

უფრო დეტალურად, რა სიახლეები გველოდება წელს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ და რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, თუ მასში მონაწილეობის მიღება სურთ, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი და ღონისძიების თანაორგანიზატორი მარიამ გიორგაძე საუბრობს:

  • წელს რა მთავარი სიახლეები ელოდებათ როგორც ფესტივალის მონაწილეებს, ისე სტუმრებს?

ყოველწლიურად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ როგორც მონაწილეებს, ასევე მოსულ სტუმრებს. ღვინის ფესტივალზე ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, რაც ჩვენი ერთ-ერთი ნიშაა. მაგალითად, გასულ წელს პირველად იყო წარმოდგენილი ბროწეულის ღვინო, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. ასევე, პირველად მოეწყო სომელიეს მასტერკლასი, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ სომელიესთან შეხვედრა ჩვენს წლევანდელ პროგრამაშიც იქნება, ოღონდ განსხვავებული ფორმატით.

სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები. 2024 წლის ღვინის ფესტივალი გამორჩეული იქნება ისეთი სიახლეებითაც, რომლებსაც სტუმრები ადგილზე შეიტყობენ. მათ შორის იქნება გათამაშებაც და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც მონაწილეები, ისე სტუმრები ფესტივალზე დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, აღმოაჩენენ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს, დააგემოვნებენ უგემრიელეს ნუგბარს და ქართული ჰანგებით დატკბებიან.

3-1726742190.jpg

  • როგორ მიმდინარეობს ფესტივალის სამზადისი?

ფესტივალის წინა მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დატვირთულია. სრული ძალებით ჩართულები ვართ, რაც შეიძლება საინტერესო კომპანიები და ქართული ნაწარმი აღმოვაჩინოთ, იმისათვის რომ ფესტივალი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო. აქტიურად გვაქვს შეხვედრები მონაწილე კომპანიებთან და მათთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა დეტალს, ხშირად რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, როგორი ფორმით წარმოაჩინონ პროდუქცია. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ტურისტულ კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მეტ ტურისტამდე მივიტანოთ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია.

4-1726742233.jpg

ფესტივალზე მოსული სტუმრების 70% ტურისტებს შეადგენს. გარდა იმისა, რომ ერთი დღის განმავლობაში ნამდვილ ქართულ ზეიმს ვაწყობთ და მაქსიმალურად ვაცნობთ ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებს მოსულ სტუმრებს, საკმაოდ ბევრი ტურისტი ადგილზე ყიდულობს გამოფენილ პროდუქციას და რა თქმა უნდა, როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე ჩვენთვის, ორგანიზატორებისთვის ასეთი ჩართულობა და ინტერესი ძალიან სასიხარულოა.

გარდა ამისა, ფესტივალი ძალიან კარგი ადგილია იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი კონტაქტები დაამყაროს მაგალითად პოლიგრაფიულ კომპანიებთან, ღვინის აქსესუარებისა თუ პროდუქტის შეფუთვების მწარმოებლებთან. ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსხვილი სარეკლამო კომპანია, რომელიც ღვინის ეტიკეტების დიზაინისა და ბეჭდვის მიმართულებით უკონკურენტოა საქართველოს ბაზარზე. ასევე, წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კონსულტაციას გაუწევს პროდუქციის ექსპორტითა თუ იმპორტით დაინტერესებულ მეწარმეებს.

5-1726742270.jpg

  • რა შეთავაზებები გაქვთ ბიზნესთან 2024 წლის ღვინის ფესტივალზე? როგორია თქვენი პირობები მონაწილეობასთან დაკავშირებით?

შეთავაზებას ინდივიდუალურად ვუკეთებთ თითოეულ კომპანიას. მაქსიმალურად ვერგებით მათ მიზნებს და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საინტერესო, განსხვავებული პროდუქტების და კომპანიების შესახებ აუცილებლად დავიწყებთ კომუნიკაციას. ეს კიდევ ერთხელ მისცემს მონაწილე კომპანიებს იმის შანსს, რომ მათ შესახებ სწორი ინფორმაცია მივიდეს სამიზნე აუდიტორიამდე.

  • რამდენად მნიშვნელოვანია მსხვილი და მცირე მეწარმეების ერთი ფესტივალის ქვეშ გაერთიანება?

ქართული ღვინის ფესტივალის იდეა არის ქართული ტრადიციების, ღვინის დაყენების, სუფრის ადათ-წესებისა და სხვადასხვა კულტურული თავისებურებების წარმოჩენა. ამით ჩვენ ვემსახურებით ქვეყნის წარმოჩენას და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველას ერთად გაერთიანება იმ დიდი მიზნის ირგვლივ ,რასაც ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია ჰქვია.

  • დაბოლოს, რა როლის აქვს ფესტივალს ღვინისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში? ღონისძიებას უკვე 6-წლიანი ისტორია აქვს.

ფესტივალის მიზანია როგორც მხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ასევე იმ მარნებისა და მსხვილი საწარმოების აღმოჩენა და წარმოჩენა, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ვფიქრობ, 6-წლიანი ისტორიის მანძილზე ამ მიზნის მიღწევას ვახერხებთ და წელსაც ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მაქსიმალურად საინტერესო ფესტივალი შემოგთავაზებთ.

ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

(R)