უკრაინა მამაკაცისა და ქალის ხელფასს შორის სხვაობის 13,6%-მდე შემცირებას გეგმავს

უკრაინა 2030 წლისთვის ხელფასებში არსებული 18.6%-იანი გენდერული სხვაობის შემცირებას 13.6%-მდე გეგმავს.

ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ქალთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დასაძლევად საინფორმაციო კამპანია დაიწყო, სახელწოდებით, „რა თქმა უნდა, შეძლებ!“ ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო, ასევე, შრომის კანონმდებლობის ცვლილებებს, მაგალითად, დისტანციური ან სახლიდან მუშაობის ლეგალიზაციას განიხილავს.

2015 წელს უკრაინაში ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა 26%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლისთვის 18,6%-მდე შემცირდა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში გენდერულ ანაზღაურებაში სხვაობა, თითქმის, 19%-ია.

თუნდაც ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ქალებს მამაკაცის ოდენობის ხელფასის ასაღებად უფრო მეტი, კერძოდ, 6,5-წლიანი დამატებითი სამუშაოს შესრულება მოუწევთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტატიანა ბერეჟნაია ამბობს, რომ გენდერულ ანაზღაურებაში სხვაობის დასაძლევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი შრომის კოდექსის მიღებაა, რომელიც ქალებს პროფესიული რეალიზების საშუალებას მისცემს და მათი უფლებების დაცვას გააძლიერებს.“

უწყების ცნობით, მართალია, ამჟამად უკრაინა პროფესიულ და ტექნიკურ სფეროებში ქალების მიზიდვით ლიდერობს, მაგრამ მათ მხოლოდ კომპანიების 15% ეკუთვნით, ხოლო ხელმძღვანელ პოზიციებს ბიზნესის მხოლოდ 17,7%-ში იკავებენ.

უკრაინა, ასევე, პირველ ადგილზეა საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად გოგონების მიზიდვის მხრივ, მაგრამ გენდერული განსხვავება მაინც რჩება ისეთ სპეციალობებში, როგორიც პედაგოგიკა, IT და სოფლის მეურნეობაა.

ცნობისთვის: McKinsey Global Institute-ის შეფასებით, ქალები შრომის ბაზარზე მამაკაცების დონეზე რომ იყვნენ ჩართული, გლობალური მშპ 2015-დან 2025 წლამდე 26%-ით გაიზრდებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ