როგორც კი ბანკები სებ-ის დადგენილებას შეასრულებენ, იმ წუთში ხვდებიან სანქციის ქვეშ - გიორგი ქადაგიძე

„ეროვნული ბანკი და ხელისუფლება უძლურია, სანქციებისგან დაიცვას ნებისმიერი პირი,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, არის სპეციალური სიები იმ ადამიანების და ორგანიზაციების, ვინც არის სანქცირებული.

მისი თქმით, ეს სიები გამოქვეყნებისთანავე ავტომატურ რეჟიმში ხდება სახელმძღვანელო. იმ შემთხვევაში თუ ქართული კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციებს არ აღასრულებენ, მცირე დროში დასანქცირდებიან.

„სანქციებისგან დაცვა შეუძლებელია თუ ქვეყანა არ არის იზოლირებული. უნდა გვესმოდეს, რომ ეს [იზოლაცია] აბსურდია, საქართველო არის ჩართული მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ჩვენი ბანკები და ეკონომიკა არის თანამედროვე ფინანსური სისტემის ნაწილი, ჩვენი მეწარმეები მიეჩვივნენ, რომ მარტივად განახორციელონ გადარიცხვები და ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანის შრომაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო იზოლაციაში კი არა, არამედ მსოფლიოს ნაწილი იყოს. რა თქმა უნდა, სანქციებს დაემორჩილებიან [ბანკები] მიუხედავად იმისა, ეროვნული ბანკი რას იტყვის.

სულ რომ ეროვნულმა ბანკმა მიუთითოს ბანკებს - შეასრულე სანქცირებული პირის საგადასახადო ქმედება ან ბიზნესი აწარმოონ მასთან, მაინც საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან იმიტომ, რომ როგორც კი ეროვნული ბანკის დადგენილებას შეასრულებენ, იმ წუთში ხვდებიან სანქციის ქვეშ. ეროვნული ბანკი და ხელისუფლება უძლურია, სანქციებისგან დაიცვას ნებისმიერი პირი. ასე არ მუშაობს მსოფლიო ფინანსური სისტემა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ფინანსური სანქციების სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მერი ტაბატაძე