ქართულ კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტის შესრულების ვალდებულება არ აქვთ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იურისტმა დავით ებრალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტი რუსეთის და ბელარუსის შესახებ სანქციებს შეეხებოდა და ის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან კავშირში არ არის. მეტიც, იურისტის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ აქტის ერთპიროვნულად გამოცემის უფლება არ ჰქონდა.
„ქართული ბანკები დილემის წინაშე არ დგანან. აქტი, რომელზეც დღეს აპელირებს ეროვნული ბანკი, თითქოს მის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ ბანკებმა, ამ შემთხვევას არ ეხება. იმიტომ, რომ ის აქტი, რომელიც გამოიცა შარშან ამ დროს, ის ეხება ბელარუსის და რუსეთის სანქციების საკითხს და მასთან მიმართებით არის ის აქტი გამოცემული.შესაბამისად, იმ აქტს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გამოიყენებენ. ჩემი აზრით, საერთოდ უკანონოა ეს აქტი.
თურნავას არ ჰქონდა მისი გამოცემის უფლება. აქტის გამოცემის უფლება ჰქონდა საბჭოს და არა პრეზიდენტს.მეორეც, არაფერი არ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს რომ აღასრულონ ამერიკის ის განკარგულება. ჯერ ერთი, ეს არ არის საერთაშორისო სანქცია. ეს არის ამერიკის სანქცია ე.წ. მაგნიტსკის აქტის ნაწილი, რადგან მასში დაამატეს სანქცირებული ადამიანები“, - აღნიშნა დავით ებრალიძემ.
მისი თქმით, ქართულ კომერციულ ბანკებს ასევე არ აქვთ ვალდებულება, რომ „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინბული შეზღუდვები აღასრულონ, რადგან ის მხოლოდ ამერიკაში არსებულ აქტივებსა და ფინანსურ ოპერაციებს ეხება. თუმცა, კომერციულ ბანკებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ.
„მაგნიტსკის აქტი“ გამოიცა კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით 2012-2013 წლებში, მაგრამ შემდგომ უკვე ტრამპის პერიოდში, როდესაც უკვე დაინახეს, რომ სხვაგანაც არის ასეთი პრობლემები, ეს აქტი გარდაქმნეს ე.წ. გლობალურ მაგნიტსკის აქტად. ეს აქტი არის მხოლოდ ამერიკაში არსებულ აქტივებთან დაკავშირებით შეზღუდვებზე. ე.ი. თუ პირებს, ვინც ამ სანქციებში მოხვდებიან, ამერიკაში გააჩნიათ ანგარიშები, ამერიკასთან დაკავშირებული ოპერაციები და აქტივები, მათზე არის ე.წ. ყადაღის აქტი.
ეს აქტი არაფერს ამბობს საქართველოში არსებულ მათ აქტივებზე, რომ ისინი უნდა დაყადაღდეს, შეიზღუდოს მათი გამოყენება ან ოპერაციები შეჩერდეს, ამავდროულად, ქართულ კომერციულ ბანკებს რაიმე სამართლებრივი ვალდებულება ან შეზღუდვა არ აქვთ. თუმცა, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ პირადი შეხედულებით, დასაბუთების გარეშე, კერძო პირს უარი უთხრან ანგარიშის გახსნაზე, მომსახურებაზე და ა.შ. კომერციულ ბანკებს სრული პრეროგატივა აქვთ თავისი გადმოსახედიდან იმოქმედონ.შესაბამისად, როცა კომერციულმა ბანკებმა დაინახეს, რომ ამერიკამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს მათზე და ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ ადამიანებთან არ დაიჭირონ საქმე“, - განაცხადა იურისტმა.
მისივე თქმით, გარკვეულმა ბანკებმა, მაგალითად „ქართუმ“, შესაძლებელია სრულიად უგულვებელყონ ეს შეზღუდვები და სანქცირებული პირების ფინანსური ოპერაციები ჩვეულებრივ განახორციელონ.
„ამან გარკვეულ ბანკებზე შეიძლება ძალიან იმოქმედოს, თუმცა, გარკვეული ბანკებისთვის, ისეთი როგორიც არის „ქართუ“ შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს და მან ოპერაციები განახორციელოს. ასე, რომ ეს მოკლევადიან პერიოდში შეიძლება არც ბანკებისთვის და არც ფინანსური სისტემისთვის არ იყოს სარისკო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ვთქვათ, არჩევნების მერე, თუ მათ დაინახეს რომ ეს ქვეყანა ყველანაირად უპირისპირდება და შორდება დასავლეთს, რა თქმა უნდა, ამ აქტს უფრო მეტი ზემოქმედება მოჰყვება“,- განმარტა იურისტმა.