"ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა" - 5 ფაქტორი, რაც ბიზნესს ხელს უშლის

2024 წლის მე-3 კვარტალში, 2024 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (19 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის BAG ინდექსშია აღნიშნული.

ინდექსის თანახმად, 2024 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია:

  • სპეციალისტების ნაკლებობა;
  • სამუშაო ძალის ნაკლებობა;
  • სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები;
  • ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა;
  • შეზღუდული ფინანსური რესურსები.

მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა. აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 54% ასახელებს ხელის შემშლელად. სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (78%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (33%). საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (33%).

2024 წლის მე-3 კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 42%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (56%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის (29%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად საშუალო კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (22%-მა დაასახელა ხელისშემშლელად).

2024 წლის მე-3 კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 40%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (50%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მრეწველობის სექტორისთვის (11%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (24%-მა დაასახელა ხელისშემშლელად).

2024 წლის მე-3 კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 32%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის და ვაჭრობის სექტორის კომპანიებისთვის (50%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (19%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (27%-მა დაასახელა ხელისშემშლელად).

2024 წლის მე-3 კვარტალში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 12%-მა დაასახელა. შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელისშემშლელ ფაქტორს ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის (50%) წარ მოადგენს. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებს აქვთ (11%).

საბოლოოდ, 2024 წლის მე-3 კვარტალში, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორს აწუხებს, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მშნებლობის სექტორს, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა კი მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორებს.

ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა (7 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა შემსუბუქდა (27 პროცენტული პუნქტით),“- აღნიშნულია დოკუმენტში.