რუსეთს ხორბლის მთავარი საექსპორტო ბაზარი გაუნახევრდა

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის მოცულობაში თურქეთისა და ეგვიპტის წილი შემცირდა. “კომერსანტის” ცნობით, სანქციებისა და თურქული ბაზრის დახურვის გამო რუსული ხორბლის ექსპორტი დივერსიფიცირებას განიცდის.

კერძოდ, საერთო წილი 40%, რომელიც ადრე თურქეთსა და ეგვიპტეს ეკუთვნოდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში მიწოდების სასარგებლოდ განახევრდა. ამან ექსპორტიორების ლოგისტიკური ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუ თურქეთსა და ეგვიპტეში ექსპორტი მარცვლეულის ღირებულების 7%-ს შეადგენს, ბანგლადეშში მიწოდება ღირებულების 22% ჯდება.

თურქეთი და ეგვიპტე რუსული ხორბლის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო, რომლის საერთო წილმაც მიწოდების სტრუქტურაში ივლისში დასრულებულ 2023-24 სასოფლო-სამეურნეო წლის სეზონზე 30% შეადგინა, რაც, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია. კლების ტენდენცია ახალ სეზონზეც ძლიერდება.

„რუსაგროტრანსის“ მონაცემებით, ივლის-აგვისტოში საგარეო მიწოდების სტრუქტურაში თურქეთისა და ეგვიპტის წილმა 22% შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 27% იყო.

ფასთა ინდექსის რუსული ცენტრის მონაცემებით, გასულ სეზონზე ექსპორტის სტრუქტურაში ბანგლადეშის წილი 4%-დან 6%-მდე, კენიის 2,7%-დან 4%-მდე, ხოლო ინდონეზიის წილი 0,4%-დან 3,3%-მდე გაიზარდა. ცენტრის პროგნოზით, მიმდინარე სეზონის მთავარი საექსპორტო მიმართულებები ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იქნება. ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ბაზრებიც პერსპექტიულია. სეზონის პირველ ორ თვეში მაროკოში, ტუნისში, ანგოლასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, გასული წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, მიწოდება უკვე გაზრდილია.

„რუსაგროტრანსის“ მონაცემები ვიეტნამში ექსპორტის ზრდაზეც მიუთითებს, რამაც მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24,2%-ით, 246 ათას ტონამდე მოიმატა. ამასთან, ნიგერიაში მხოლოდ ივლის-სექტემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში მიწოდებამ 435 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა წინა სასოფლო-სამეურნეო მთელ სეზონზე ქვეყანაში 564 ათასი ტონა რუსული ხორბალი გაიგზავნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ