ქალაქს ვკარგავთ - რაღაც დროის შემდეგ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თბილისში ცხოვრება - გიორგი ჯაფარიძე

„თბილისი მჭიდროდ არის განაშენიანებული. ცენტრში შენდება მაღალსართულიანი შენობები და არ ხდება ქალაქის გაშლა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორედ ქალაქის ასეთი განაშენიანებაა.

„მშენებლობები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, ოღონდ არა ასეთი მიმართულებით, რადგან იქმნება საცობები და ქალაქს ვკარგავთ არა მარტო საცობების კუთხით, არამედ რაღაც დროის შემდეგ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება აქ ცხოვრება.

რაც უფრო მეტი კორპუსია ქალაქში, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილია. ქალაქი უნდა გაიშალოს. არის საკმაოდ დიდი სივრცეები თბილისის შემოგარენში.

ეკოლოგიური პირობების გამო, ყველა, ვისაც მეტი ფული აქვს, ქალაქიდან გადის, იშენებენ კერძო სახლებს საგურამოში და სხვადასხვა ადგილებში. ამიტომ ამის გაკეთება შესაძლებელი და მნიშვნელოვანია,“- განმარტა გიორგი ჯაფარიძემ.