მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის Cybertruck დისტანციურად გათიშა.
ამის საპასუხოდ კადიროვმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ მასკი „არაკაცურად“ მოიქცა.
“ილონ მასკი ლამაზად არ მოიქცა. გულით ძვირფას საჩუქრებს იძლევა, შემდეგ კი დისტანციურად თიშავს. გახსოვთ, ალბათ, მისი საჩუქარი, Cybertruck, რომელიც ტყვიამფრქვევით აღვჭურვეთ და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე გავგზავნეთ. ავტომობილი საბრძოლო დავალებებს თავს კარგად ართმევდა. კარგად მანევრირებდა და ეკიპაჟსაც კარგად იცავდა... მასკი არაკაცურად მოიქცა,“ - წერს კადიროვი.
აგვისტოში ის აცხადებდა, რომ მასკმა Cybertruck აჩუქა, ხოლო თავის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კადიროვი გროზნოს ქუჩებში ელექტრომობილით მოძრაობდა. ავტომობილის საბარგულში ტყვიამფრქვევი იყო დამონტაჟებული. მაშინ კადიროვი ამბობდა, რომ Cybertruck-ს ფრონტის ხაზზე გაგზავნიდა.
მოგვიანებით თავად ილონ მასკმა კადიროვისთვის Cybertruck-ის ჩუქების შესახებ ინფორმაცია უარყო.
“სერიოზულად ხარ ისე ჩამორჩენილი, რომ გგონია, რუს გენერალს Cybertruck-ს ვაჩუქებდი?!,” - ასე უპასუხა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთ მომხმარებელს.
Tesla Cybertruck სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრ კიბერპანკის სტილში შექმნილი ელექტროპიკაპია, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოვიდა. ერთი დამუხტვით ავტომობილს 800 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მოდელი რუსეთში ოფიციალურად არ იყიდება და კადიროვმა ის კონტრაბანდული გზით შეიძინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ