„მარტივად შესაძლებელია, რომ მტკვარზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს“

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს ტრამვაის დამატება და მტკვარზე საზოგადობრივი ტრანსპოტის მოძრაობის შექმნა საცობების განტვირთვაში ძალიან დაეხმარება.

მისი თქმით, მტკვარზე არის ძველი გაჩერებები, რომელთა რეაბილიტაცია ან ახლის გაკეთება რთული არ იქნება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტობუსის ზოლებს, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა ბევრ ქალაქშია ავტობუსის ზოლები და მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსმა უწყვეტად იმოძრაოს. როდესაც დასრულდება სატრანსპორტო დერეფნის გაკეთება, ჩვენ გვინდა რომ მოვითხოვოთ ტრამვაის დამატება და ავტობუსმა და ტრამვაიმ იმოძრან ერთ ზოლში.

ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროექტია მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მტკვარი არის ასათვისებელი. ძალიან მარტივად, შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იაროს მტკვარზე. ძველი გაჩერებებია, რომელთა რეაბილიტაციაც და ახლის გაკეთებაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რათა უწყვეტ რეჟიმში იმოძრაოს ტრანსპორტმა და ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი“,- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

ნათია ზარიძე