„აწარმოე საქართველოში“ ამჟამად შვიდ პროგრამას ახორციელებს - ამის შესახებ ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილ პასუხში. პროგრამების ჯამური ბიუჯეტი 257.25 მილიონ ლარს შეადგენს.
აღნიშნული 7 პროგრამიდან ყველაზე მეტი ბიუჯეტი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამას აქვს. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. პროგრამის ბიუჯეტი წელს 114.05 მლნ ლარს შეადგენს.
დარჩენილი 6 მიმდინარე პროგრამა ასე გამოყურება:
- საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 50 მლნ ლარი (მიზანი - ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა);
- კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 3 მლნ ლარი (მიზანი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით);
- მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 20 მლნ ლარი (მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა);
- მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 4.5 მლნ ლარი (თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნესუნარების განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას);
- იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 12.7 მლნ ლარი (დეველოპერულ სექტორში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება სხვადასხვა კომპონენტის მეშვეობით);
- „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამა - ბიუჯეტი 53 მლნ ლარი (მიზანი: ბინის/სახლის შეძენა(როგორც დეველოპერისგან, ასევე კერძო პირისგან; ასევე, სახლის აშენება).
„მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების ეფექტურად აღსრულების მიზნით, სააგენტოს ფინანსურ ინსტიტუტებთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები. კონკრეტული სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს აქვს შესაძლებლობა მათთვის მისაღებ და სასურველ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართოს საფინანსო ინსტიტუტს შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით“, - განგვიცხადეს „აწარმოე საქართველოში“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში არცერთი პროექტი არ შეჩერებულა.