შვედური კომპანია, SweGreen მწვანილის, ბოსტნეულისა და კენკრის მოსაყვანად ფერმებს სუპერმარკეტებშივე აშენებს, რისთვისაც ჰიდროპონიკს, ანუ მიწის მაგივრად წყალში მინერალური ბამბის სუბსტრატს იყენებს.
ინფორმაციას AgroTimes ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მყიდველებს შეუძლიათ თვალი ადევნონ როგორ იზრდება მოსავალი და შეიძინონ.
შვედეთსა და გერმანიაში მოქმედი SweGreen-ის ფერმების ამოცანა წყლის დეფიციტისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკლებობის აღმოფხვრა, ასევე, გეოპოლიტიკაზე დამოკიდებულების შემცირებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხილისა და ბოსტნეულის ადგილზე მოყვანა ტრანსპორტის გამონაბოლქვს ამცირებს, შენახვის ვადას ახანგრძლივებს და გემოს აუმჯობესებს.
ამჟამად SweGreen-ს 100-მდე სხვადასხვა სახის მცენარის, მათ შორის, სალათის ფოთლის, კამის, პიტნისა და ოხრახუშის მოყვანა შეუძლია. ამასთან, კომპანია პორტფოლიოს გაფართოების პროცესშია, რომ მასში მიკრომწვანილიც შეიყვანოს, რისთვისაც ნაყოფიერ მცენარეებსა და მარწყვს ტესტავს.
სუპერმარკეტის ზომიდან და მისი საჭიროებიდან გამომდინარე, SweGreen-ის მომხმარებელს შეუძლია, 45 მ2 ფართობზე დღეში 300 მცენარის ან 12 მ2-მდე ფართობზე დღეში, მაქსიმუმ, 116 მცენარის მოშენება აირჩიოს.
SweGreen-ის ფერმების განთავსება, ასევე, რესტორნებში, სასტუმროებში, უნივერსიტეტებსა და საცხოვრებელ კორპუსებში არის შესაძლებელი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ