„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ იჯარით 15ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა - როგორია პირობები

ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 3 წლის ვადით იჯარის უფლებით გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიამ წელიწადში ქონებით სარგებლობისთვის 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთანავე, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის, 25 506 ლარის გადახდაც დაევალა.

დოკუმენტის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტონ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გაატაროს.

შეგახსენებთ, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირა სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულისა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტრამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტზე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.

მერი ტაბატაძე