შვედეთში ჩერნობილის ბირთვული ავარიის შედეგებს სოკოთი გადაამოწმებენ

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამმართველომ სოკოს შემგროვებლებს სთხოვა, მიაწოდონ მიმდინარე სეზონზე მოკრეფილი სოკო, რომ 1986 წლის ჩერნობილის ავარიიდან 38 წლის შემდეგ ქვეყნის რადიაციის დონე შეამოწმონ.

სოკოს ცეზიუმ-137-ის შემცველობაზე შეამოწმებენ, რომელიც ძირითადი რადიაციული დამაბინძურებელია.

ცეზიუმ-137 შესაძლოა, ნიადაგსა და ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვდეს, ხოლო მისი ნახევარდაშლის პერიოდი, დაახლოებით, 30 წელია.

სოკოს შემგროვებლებს სთხოვეს, სამმართველოს, სულ მცირე, 100 გრამი ახალი ან 20 გრამი ხმელი სოკო მიაწოდონ.

ჩერნობილის ავარიის გამო ევროპაში იზოტოპი, ცეზიუმ-137 მოხვდა, თუმცა რაკი მისი ნახევარდაშლის პერიოდი 30 წელს შეადგენს, მისი მავნე ზემოქმედება უკვე შესამჩნევად შემცირდა. ამის მიუხედავად, ერთი წლის წინ გერმანელმა ექიმებმა გარეული ღორების მნიშვნელოვან ნაწილში რადიოაქტიურობა აღმაოჩინეს, რომელიც ცეზიუმ-137-ის ნაცვლად ცეზიუმ-135-ით იყო გამოწვეული.

ეს იზოტოპი, როგორც წესი, უფრო ბირთვული იარაღის გამოყენებით წარმოიქმნება, ვიდრე ბირთვული რეაქტორების აფეთქებით. მისი ნახევარდაშლის პერიოდი გაცილებით გრძელია და 2 მილიონ წელს შეადგენს. გარეული ღორებისთვის ცეზიუმ-135-ის ძირითადი წყარო მიწისქვეშა ტრიუფელის სოკოა, რომლის მიცელიუმში რადიოაქტიური ნივთიერებები გროვდება.

ამდენად, გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების 12-68%-ში რადიოაქტიური დაბინძურება ჩერნობილის ავარიით კი არა, მეოცე საუკუნის შუა ხანებში ბირთვული იარაღის ცდებით იყო გამოწვეული. მაგალითად, საფრანგეთმა ასეთი ცდები ალჟირში, ხოლო სსრკ-მა ასტრახანის ოლქში ჩაატარა. თუმცა იზოტოპების ზუსტი წარმოშობის დადგენა შეუძლებელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ