საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის დაფინანსება თითქმის 6%-ით შემცირდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალმა 126.252 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.740 მლნ ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წლის რვა თვეში ეს მაჩვენებელი 133.992 მლნ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძირითადად კაპიტალური დანიშნულების გრანტების მოცულობა შეამცირეს, მიმდინარე დანიშნულების გრანტები კი, მცირედით გაიზარდა კიდეც. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის რვა თვეში კაპიტალური დანიშნულების გრანტები შეადგენდა 15.434 მლნ ლარს, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი 7.324 მლნ ლარს. მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა კი 118.558 მლნ ლარიდან 118.927 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გაზრდილია უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობაც. აღნიშნული თანხა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6.658 მლნ ლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.881 მლნ ლარი.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, წელს გრანტების საერთო მოცულობა 267.155 მლნ ლარით არის გაზრდილი და 1.176 მლრდ ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც წინა წელს 909.099 მლნ ლარს შეადგენდა. ეს კი სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე მოხდა. უფრო დეტალურად, შარშან სხვა დონის სახელმწიფო გრანტებით ბიუჯეტში 769.224 მლნ ლარი შევიდა, წელს კი 1.043 მლრდ ლარი.