ოქროს ფასი ყოველკვირა მორიგ რეკორდებს ამყარებს. დღეს, თბილისის დროით 11:00 საათისთვის Comex-ის ბირჟაზე ერთი უნცია 2 625 დოლარად ივაჭრება. ეს კი ერთთვიან ინტერვალში 4.8%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.7%-ით მოიმატა.
„ძვირფასი ლითონების ბაზრის მოთამაშეები კმაყოფილები არიან, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც Fed-მა აგრესიულად შეამცირა საპროცენტო განაკვეთები“, - წერს ანალიტიკოსი ჯიმ ვიკოფი სავაჭრო კომპანია Kitco-ს ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა.
მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც. ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მოელიან, რომ “ოქროს ფასი მოკლევადიან პერიოდში 2,700 დოლარამდე მოიმატებს, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის 2,900 დოლარს მიაღწევს.”