სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობა - კიდევ რა გამოწვევები აქვს ბიზნესს საქართველოში

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა სპეციალისტების, ხოლო 42%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა მთავარ პრობლემად დააფიქსირა - ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქვეყნებს.

როგორც ბიზნესასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა.

bbbb-1727081818.jpg

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა - მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში.

bbb1-1727081852.jpg

საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 75%-მა მარეგულირებელი გარემო მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

bbb2-1727081883.jpg

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 49% საუბრობს, რაც 19 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა კვარტლის მონაცემებს.

bb3-1727081917.jpg

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.