საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა,-ამის შესახებ რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება.
„რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია.
ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების პრეზენტაცია, რუსთაველებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა წარუდგინეს.
პრეზენტაციას რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები“, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები და რუსთაველი სტუდენტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
„საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ჩვენი გუნდის ერთიანობით, რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. 70 ახალი ავტობუსიდან, რომლებიც სპეციალურად რუსთავი- თბილისის მარშრუტზე რუსთაველების კომფორტული მგზავრობის მიზნით შევიძინეთ, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. შესრულებულია მოსახლეობის კიდევ ერთი თხოვნა, პირველივე მარშრუტი, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდეა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ 3 ახალი მარშრუტი, ძალაში რჩება, უკვე მოქმედი ისნის მიმართულებაც და ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, რუსთაველები 5 სხვადასხვა გეზით შეძლებენ დედაქალაქში გამგზავრებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს და ჩვენს რუსთაველ პარლამენტარებს. ამ ადამიანების თანადგომა რომ არა, ამ კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ შევძლებდით”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ამასთან, განმარტავენ, რომ პირველი მარშრუტი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე განისაზღვრა. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით კი, მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯამში 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადაიყვანს მგზავრებს - ოთხ ახალ და მეხუთე, უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე.
როგორც საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, ხვალიდან, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი, სტაბილურად იმოძრავებს ზუსტად იმ მარშრუტზე, რა მოთხოვნაც არსებობდა.
,,ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაა. პრობლემა, რომელიც არ უნდა იდგეს თანამედროვე ქალაქში და რომელიც რუსთაველებს სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში გვქონდა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. დღეიდან, ჩვენს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც პრეზენტაციასაც დაესწრო და დედაქალაქში დასაქმებულ ათასობით რუსთაველს ეცოდინება, რომ სასწავლებელში, თუ სამსახურში წასვლა, მისთვის პრობლემა აღარ არის. ხვალიდან, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი, სტაბილურად იმოძრავებს ზუსტად იმ მარშრუტზე, რა მოთხოვნაც ჩვენს თანაქალაქელებს ჰქონდათ. სულ მალე კი ამ მარშრუტს, კიდევ 3 მიმართულება დაემატება. ჩვენი ხელისუფლების და გუნდის ევროპული არჩევანი, სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. ევროპული გზა, ევროპულ, თანამედროვე ქალაქებზე გადის და ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით, ძალას არ ვიშურებთ, რომ სწორედ ასეთი ქალაქი და ქვეყანა შევქმნათ“,- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში „ბასლაინის“ ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
„მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით - რუსთავი „ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებით იქნება შესაძლებელი.
„დამტკიცებულია სოციალური პაკეტიც, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების და შშმ პირებისთვის, შეღავათიანი ტარიფია განსაზღვრული. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი, დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეც იქნება დატანილი. დამტკიცებულია კიდევ 3 ახალი მარშრუტი: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელიც ვაკესაც გაივლის, რკინიგზის სადგურამდე და დიდუბის ავტოსადგურამდე. აღნიშნულ მარშრუტებზე სამოძრაოდ განსაზღვრული ავტობუსები, ეტაპობრივად შემოვა ქალაქში.
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრებს, თანამედროვე, შშმ პირებზე ადაპტირებული, ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.