ქართული ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა - ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია

ქართული ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე გავიდა 195.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 67 ათას ტონაზე მეტი სასმელი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 58 ათას ტონაზე მეტი, რის ღირებულებამაც 168.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც გასული წლის იანვარ-აგვისტოში, ასევე მიმდინარე წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოდ 2.9 დოლარს შეადგენდა.

ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთში იყიდება. კერძოდ, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი წელს 69.4%-ს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-აგვისტოში მისი წილი 66.3% იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინო შემდეგ ქვეყნებში გაიყიდა:

  • რუსეთი - 135.9 მლნ აშშ დოლარის 49 665 ტონა;
  • პოლონეთი - 10.08 მლნ აშშ დოლარის 4 081 ტონა;
  • უკრაინა - 7.87 მლნ აშშ დოლარის 2 847 ტონა;
  • ყაზახეთი - 7.04 მლნ აშშ დოლარის 2 176 ტონა;
  • ჩინეთი - 5.64 მლნ აშშ დოლარის 1 612 ტონა.
მერი ტაბატაძე