ნინო წილოსანი - არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს

არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს - მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განუცხადა.

წილოსანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე "ამერიკის ხმის" ინფორმაცია „გარკვეულწილად კულუარული ჭორია", რაზეც კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.

„ყოველი შემთხვევისათვის, იქნება ფინანსური სანქცია თუ სავიზო შეზღუდვა, კარგად ვიცით, რა იქნება ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილის პასუხი.

ბიძინა ივანიშვილი იმ დღიდან, როცა მან ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე განაცხადა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ომს, არეულობას და უსამშობლო ადამიანებს გადაარჩინოს.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ კეთილდღეობაზე მკაფიოდ განაცხადა უარი. პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან მოყოლებული ის მუდმივად არის თავდასხმის, სტრესის, დასანქცირების ქვეშ.

რამდენიმე წელია მისი დასანქცირება მიმდინარეობს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ივანიშვილის აქტივები სრულიად უსაფუძვლოდ გაიყინა. ამ სანქციების თემამ ფაქტობრივად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია შეიწირა - ეს ფინანსური ინსტიტუტი ჩამოიშალა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ისმის კითხვა, თუ რამდენად იცავს ასეთი ინსტიტუტები მათი ბენეფიციარების თანხებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.