გიგი წერეთელი - „ვოიაჟები" ნიუ-იორკში ვერავის ააცილებს სანქციებს

ის ტრაგიკული მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, საქართველოს არასდროს ჰქონია. რაღაც ვოიაჟები ნიუ-იორკში ვერაფერს მოიტანს და ვერავის ააცილებს სანქციებს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

გარდა ამისა, წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა პარტიების გაერთიანებაზე და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანება, თუმცა უკვე ცოტა დროა დარჩენილი იმისათვის, რომ დიდი გაერთიანებები კიდევ მოხდეს.

„არის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნებოდა უკეთესი. დიდი გაერთიანება არ გამოვიდა. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, ვინც სტრატეგიას თვლის საუკეთესო შედეგზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ცალკე უფრო მეტს აიღებს, ვიდრე ერთად, მაშინ ესეც შეიძლება იყოს უკეთესი სტრატეგია. მეც არ მიმაჩნდა, რომ ყველა ერთ ყუთში აიღებდა უფრო მეტს, ვიდრე 2-3 ერთიან პრინციპებზე მდგომ გაერთიანებებს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი უკვე და არ მგონია, რომ დიდი გაერთიანებები კიდევ მოხდეს. ამომრჩეველს უნდა ესმოდეს ამ არჩევნების მნიშვნელობა, მან ხმა ოპოზიციას უნდა მისცეს და ხელისუფლებას, რომელიც გვაშორებს მომავალს“, - განაცხადა წერეთელმა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც ჩანს, ორი პარტიის სტრატეგია არ დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ ამიტომ ვერ მოხდა გაერთიანება.

„პრეზიდენტმა სწორად თქვა, რომ მას ჰქონდა მცდელობა და რისკი. სწორია, მან აიღო რისკი. ყოველთვის შეიძლება რაღაც ვერ გაკეთდეს. ალბათ, უკეთესი იქნებოდა გაერთიანება მომხდარიყო, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი სტრატეგია ექნება, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. განსაკუთრებული პერიოდია და უფრო ფრთხილად ხდება ასეთი ნაბიჯების გადადგმა. როგორ ჩანს, სტრატეგია არ დაემთხვა ერთმანეთს“,- განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, წერეთელმა „ქართული ქარტიის“ პირობებში მთავრობების ჩამოყალიბების სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, მას ექნება უფლება დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.

„პირველ ადგილზე გასული ოპოზიციური ძალა მთავრობას ვერ აკომპლექტებს. მას უფლება ექნება დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, მაგრამ სჭირდება უმრავლესობა, სწორედ ეს უმრავლესობაა მოსაპოვებელი დღეს.

მთავარი არის ის, რომ ამომრჩეველს უნდა ესმოდეს, რასთან აქვს საქმე და რა არჩევნებთან გვაქვს საქმე. ის ტრაგიკული მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, საქართველოს არასოდეს ჰქონია. რაღაც ვოიაჟები ნიუ-იორკში, ეს ვერაფერს მოიტანს და ვერავის ააცილებს სანქციებს. ყველაზე დიდი ტესტი მაინც იქნება ის, რომ თუ როგორ ჩატარდება არჩევნები“,- განაცხადა წერეთელმა.