„წლევანდელი სეზონი ჩავარდა იმის გამო, რომ Wizz Air-ს თვითმფრინავებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა“

„წლევანდელი სეზონი ჩავარდა იმის გამო, რომ Wizz Air-ს თვითმფრინავებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა“, - ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ bpn.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, ავიაკომპანიის თვითმფრინავების მეოთხედს ტექნიკურ ინსპექტირებაზე გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ბევრი რეისი გაუქმდა, ფასები კი გაიზარდა. შედეგად, პოლონეთი-საქართველოს ტურები შემცირდა. თუმცა, მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების ჩანაცვლებით, კომპანიამ ზაფხულის სეზონი, ასე თუ ისე დახურა.

“ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპაზე, ეს არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი და ა.შ ასევე ავსტრალიელი სტუმრები გვყავს. სამწუხაროდ, წლევანდელი სეზონი ჩავარდა იმის გამო, რომ Wizz Air-ს ჰქონდა პრობლემა თვითმფრინავებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ასეთი ამბავი იყო, Wizz Air-ს თავის საკუთრებაში აქვს დაახლოებით 200 თვითმფრინავი, აქედან 50-ს, მეოთხედს, აქვს პრობლემა ტექნიკური დათვალიერების გავლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კომპანიის ძრავები უყენიათ, რომლის მომსახურებაც და ტექდათვალიერებაც, რატომღაც გაპრობლემდა. შედეგად, თვითმფრინავების მეოთხედი გაჩერებულია.

ამიტომ, ძალიან ბევრი რეისი გაუქმდა (მათ შორის, პოლონეთის მიმართულება), რაც დარჩა ის შემცირდა და თან გაძვირდა. ამან ავტომატურად გამოიწვია ის, რომ პოლონეთიდან წელს არის ტურისტების დიდი კლება. ამ დროს, პოლონეთი ყოველთვის იყო ლიდერი ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ.

რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ჩვენს კომპანიასაც დაუდგა და გეგმა მხოლოდ 10%-ით შესრულდა. საბედნიეროდ, სხვა მიმართულებით მოხდა გადაფარვა, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებიდან, ავსტრიიდან. ამიტომ, მეტ-ნაკლებად სეზონი მაინც გამოგვივიდა.

იმის გამო, რომ Wizz Air-მა რეისები ჩახსნა, თუ მანამდე პირობითად, 150 ევროს ფარგლებში შეიძლებოდა პოლონეთიდან საქართველოში გამოფრენა, უცებ, 400-500 ევროზე ავიდა, ქუთაისიდან. თბილისიდან პოლონეთის ავიახაზები დაფრინავს და თავისთავად შედარებით ისედაც ძვირი იყო ყოველთვის, თუმცა, ავტომატურად მათი ფასიც გაიზარდა. ამას დაემატა ის, რომ ევროპის ჩემპიონატი იყო და ამ პერიოდში პრაქტიკულად, ყველა რეისი თბილისიდან გადაივსო. ავიაკომპანიებმაც ისარგებლეს ამით და საოცარი ფასები დაადეს“, - ამბობს მამუკა კელაურაძე.

ნინი ქეთელაური