„გამოვლინდება „სუპერ დამბინძურებელი“ ავტომობილები - გარკვეულწილად შეიზღუდება ამ მოდელის ან ტიპის ტრანსპორტი“

„ჰაერის მთავარი დამბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი, სამშენებლო სექტორი, ენერგეტიკის სექტორი, თუმცა წამყვანი როლი უჭირავს ავტომობილებს,” – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

„გარკვეული ადგილი უჭირავს ბუნებრივი მოვლენის, უდაბნოს მტვერის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც თითქმის ყოველ თვე ფიქსირდება. ამასთან, ბრძოლა ძალიან რთულია, ისევ იმას სჯობს ვებრძოლოთ, რაც ადამიანის შესაძლებლობებშია, ანუ ტრანსპორტის, მშენებლობის კუთხით,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად თუ მოხდება, ჰაერის დაბინძურების პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება.

„გეგმის მთავარი მიზანია, გამოკვეთოს პრობლემები. უმსხვილეს ქალაქებში მყარი ნაწილაკებით დაბინძურებისა და აზოტის ორჟანგით დაბინძურების პრობლემა გვაქვს, რომლის მიზეზიც არის ავტომობილები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ქალაქიც ისე უნდა მოეწყოს, რომ ადამიანს კერძო ავტომობილის გარეშე შეეძლოს დანიშნულების პუნქტამდე მისვლა. ამას გულისხმობს 2024-2026 წლის გეგმა, სადაც ჩადებულია ტრამვაის შემოღების ინიციატივაც, რადგან მხოლოდ ავტობუსი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს,“ - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მან ასევე გამონაბოლქვის მონიტორინგის დისტანციურ სისტემაზეც ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც „სუპერ დამბინძურებელი“ ავტოტრანსპორტი შეიზღუდება.

„გეგმის ბოლოს, 3-4 წელიწადში გვინდა გადავიდეთ ევრო 6 სტანდარტზე, რადგან ევროკავშირი უკვე ევრო 7-ზე გადადის და არ გვინდა, ჩამოვრჩეთ. იგეგმება ავტომობილის გამონაბოლქვის მონიტორინგის განსხვავებული კონტროლიც - ჩვენს ქუჩებზე დამონტაჟდება გამონაბოლქვის მონიტორინგის დისტანციური სისტემა, რომელიც უწყვეტად გაზომავს გამონაბოლქვს და საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ „სუპერ დამბინძურებელი“ ავტომობილები, ანუ რა ტიპის ავტომობილები გამოყოფს აზოტის ჟანგეულებს და შემდგომში გარკვეულწილად შევზღუდოთ ამ მოდელის ან ტიპის ავტომობილები.

ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა ამერიკაში, სადაც „ფოლკსვაგენის სკადალი“ სწორედ ამ გზით აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, გზაზე ისინი უფრო მეტს აფრქვევენ, ვიდრე ტექინსპექტირებისას,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი