„ლიფტების ინსპექტირებაზე მოთხოვნა სტაბილურ დონეზე არის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მომართვიანობის უმეტესობა კვლავ პერიოდულ ინსპექტირებასა და ახალი ლიფტების მონტაჟის შემდეგ შემოწმებაზეა. შელიას თქმით, ლიფტების შემოწმებაზე მოთხოვნა ძირითადად კომერციული ტიპის ობიექტებშია. ცნობისთვის, ლიფტების პერიოდული ინსპექტირება სამ წელში ერთხელ ხორციელდება.
„რაღაც პერიოდის წინ მერიამ გარკვეული პოზიტიური როლი ითამაშა იმაში, რომ მოსახლეობას მოუწოდეს ლიფტების ინსპექტირებისთვის. თუმცა, რაოდენობა მაინც მცირეა. თბილისში დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტი არის და ამ ლიფტების უმეტესობა კვლავაც არ არის ინსპექტირებული. უბედური შემთხვევები სწორედ ასეთ ლიფტებში ხდება,“ - აღნიშნავს შელია.
მისი თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიას იმისთვის, რომ შემუშავებულიყო ერთიანი სისტემა, სადაც აღირიცხებოდა თბილისში არსებული ყველა ლიფტი, მათი მდგომარეობა და სხვა დეტალები, თუმცა უშედეგოდ.
„თითქმის 10 წელია ჩვენი კომპანია არსებობს და ამ დროის მანძილზე ვცდილობთ, დავარწმუნოთ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო იმაში, რომ გაკეთდეს ერთიანი მონაცემები, სადაც შესული იქნება ყველა ლიფტი გამონაკლისის გარეშე, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს კონტროლი და ვიცოდეთ რომელი ლიფტია ინსპექტირებული და რომელი არა.
მხოლოდ ინსპექტირების ჩატარებაც არ არის გამოსავალი. ინსპექტირება რომ ჩავატაროთ, ლიფტების ნახევარზე მეტი უნდა გაჩერდეს და ეს შეაწუხებს მოსახლეობას. მაგრამ საჭიროა ერთიანი მონაცემების დროული შემუშავება, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ხანდაზმული ხდება ეს ლიფტები, ეს კი უბედური შემთხვევების რისკებს ზრდის.
ამჟამად, დედაქალაქში ძველი ლიფტები უფრო მეტია, ვიდრე ახალი. საუბარი მაქვს ლიფტებზე, რომლებიც 20 წელზე მეტის არის“, - განაცხადა სანდრო შელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ თბილისის მერიის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლიფტების პერიოდული ტექინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2020 წლიდან დღემდე დაჯარიმებულია 28 ამხანაგობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ტექნიკური ინსპექტირება 5047 ლიფტს აქვს გავლილი. სააგენტოს განმარტებით, ეს ის ლიფტებია, რომელთა შემოწმებისთვისაც სააგენტოს მიმართეს და შესაბამისი ინსპექტირება განხორციელდა. რაც შეეხება მონაცემს, თუ რამდენი ლიფტია ჯამში დედაქალაქში, სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემი არ აქვთ.