„ვერც სახელმწიფო გააკონტროლებს, ვერც დილერი“ - იმპორტიორები მანქანების საქართველოს გავლით რუსეთში გაყვანაზე

"როდესაც ჩამოდის ყაზახი, თუ ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რეექსპორტზე აფორმებს [მანქანას], საზღვარზე გადადის და შემდეგ სად ხვდება, არავინ იცის" - ასე ეხმაურება bpn.ge-სთან საუბრისას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ბრიტანული ტელეარხის Sky News-ის სიუჟეტს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის“.

როგორც მედია წერს, მათ „რთული, მაგრამ დახვეწილი სქემა“ აღმოაჩინეს. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანები თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტთან მიყვანა ევალება, სადაც რამდენიმე დღით ტოვებენ, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.

როგორც Sky News-ის სიუჟეტშია აღნიშნული, ერთ-ერთი გზა მანქანების სომხეთში რეგისტრირება და განბაჟებაა, სადაც მათ სატრანზიტო სარეგისტრაციო ნომრები ეძლევათ, ამის შემდეგ კი ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან მიჰყავთ. მედიის განმარტებით, ვინაიდან, საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლაა, მანქანის საზღვარზე გადაყვანა ძალიან მარტივდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მეთოდით, პიროვნებას, რომელსაც მანქანა რუსეთში გადაჰყავს, რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ვერ დაადანაშაულებ, თუმცა მთლიანი სქემა სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ გზით რუსეთში გადაყვანილი მანქანები საბაჟო მონაცემებში არ ჩანს.

საქართველოდან რუსეთში მანქანების გაყვანის შესაძლო სქემის შესახებ, bpn.ge ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ალექსი ნონიაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი რამ თეორიულად დასაშვებია, თუმცა პრაქტიკაში განსახორციელებლად, რთული, ამასთან, ბევრ კითხვას აჩენს.

როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, იმის გამო, რომ აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია, ყაზახეთს ავტომობილების გაყვანა ლარსით, რუსეთის გავლით უწევს, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ავტომობილები საზღვარს გადაკვეთს, სად მიდის, არავინ იცის.

„ასოციაცია ვერც დაადასტურებს იმ თეორიას, საქართველოდან რუსეთში მიდის თუ არ მიდის ავტომობილები. ჯერ ერთი, როდესაც ჩამოდის ყაზახი, თუ ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რეექსპორტზე აფორმებს, საზღვარზე გადადის და შემდეგ სად ხვდება, არავინ იცის. მაგას ვერც სახელმწიფო გააკონტროლებს, ვერც დილერი. თეორიულად, დიდი ალბათობით, ოფიციალურად გადის მესამე ქვეყანაში და არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ ხვდება რუსეთში. ან შეიძლება, პირდაპირ რუსეთშიც ხვდება.

კიდევ ერთ საკითხს მივყვეთ, როდესაც ყაზახი ყიდულობს ავტომობილს, იმის გამო, რომ აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია, ყველა შემთხვევაში ლარსით უნდა გაიაროს. მე ვუყურე ამ სიუჟეტს, როდესაც ისინი შავ Range Rover-ს მიჰყვებოდნენ (რომელიც ავტომზიდზე იყო), კი ბატონო, ადგილამდე მივიდნენ, მაგრამ ამის შემდეგ, ვინ წაიყვანა ავტომობილი, გადავიდა რუსეთში, თუ რუსეთის გავლით ყაზახეთში, ყველა ეს ვარიანტი დასაშვებია. როდესაც ყაზახეთში მიდის, სწორედ რუსეთის გავლით ხდება ეს, სხვა გზა არ არის, ფიზიკურად სახმელეთო გზა არ არსებობს, რომ აღმოჩნდეს ყაზახეთში.

შემდეგი საკითხი, თქვენ რომ იყოთ ამ სქემის მონაწილე, გადაიყვანეთ ლარსზე, მერე გადმოიყვანეთ უკან, ჩაიყვანეთ სომხეთში, ვიღაცაზე იქ გააფორმეთ და მერე ისევ გადაიყვანეთ ლარსით?! თუ ასეთი სქემა არსებობს, მაშინ ლოგიკურად, პრობლემა უნდა ვეძებოთ არა ლარსზე, არამედ სომხეთის საზღვარზე. ეს ვერსია ცოტა ლოგიკას მოკლებულია“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.

მისი თქმით, თუ საქართველოდან რუსეთში ერთეული ავტომობილები მაინც ხვდება, ამაზე ერთობლივი კონტროლია საჭირო და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ადგილობრივი დილერები დამატებითი შეზღუდვებით კიდევ უფრო დაზარალდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული მანქანები გადიოდეს რუსეთში, მაგრამ ამაზე კონტროლი უნდა განახორციელოს არა საქართველომ და ასოციაციამ, არამედ ერთობლივად. გამოდის, რამდენიმე ქვეყნის სქემაა. არცერთ მებაჟეს ხელს არ ვაფარებ, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მაგალითად, ყაზახეთში რეექსპორტზე გაშვებული ავტომობილი მებაჟემ არ უნდა გაუშვას?!

მე პირადად, ღიად ვაფიქსირებ იმ აზრს, რომ მომხრე ვარ უკრაინის და უკრაინელი ხალხის, მინდა, რეალური სანქციების ქვეშ მოექცეს რუსეთი, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ ეს სანქციები არაეფექტური იყოს რუსეთის მიმართ და სამაგიეროდ, აქ დილერები უსამართლოდ დაზარალდნენ და დამატებითი შეზღუდვები მიიღონ“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ნინი ქეთელაური