მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა, მხარეებმა გარკვეულ „შეთანხმებას“ მიაღწიეს. როგორც „აფსნი-პრესი“ წერს, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმება ე.წ პარლამენტმა უკვე მიიღო.
მათივე ცნობით, რატიფიცირებას მხარი აფხაზეთის ე.წ პარლამენტის 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
როგორც „დოკუმენტში“ ვკითხულობთ, აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების ურთიერთაღიარებასა და აღსრულებას.
„რატიფიკაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეთა უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველყოფას“,- წერია „კანონის“ განმარტებით ბარათში.
„აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ეროვნული მეწარმეებისთვის და საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ მათ“,- განაცხადა აფხაზეთის იუსტიციის ე.წ მინისტრმა ანრი ბარციციმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, იმ ეტაპზე გამოყოფილი, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა სექტემბრის დასაწყისში შეუჩერა. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა მედიასთან აცხადებდა, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.
მისი განმარტებით, აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია. კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. ასევე, მოსკოვი ითხოვდა და დღემდე ითხოვს, რომ რუს ინვესტორებს მოეხსნათ შეზღუდვები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღება).